კონდი
კონდი XVII საუკუნის უძველესი უბანია, ერევნის გეტოა, რომელიც ერთ-ერთი სტრიტ-არტ მხატვრის ძალისხმევით ნამდვილ არტ-დისტრიქტად გარდაიქმნა. კონდის კოლორიტული ქუჩები გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ!
შოპინგი
ერევანში შოპინგის დროს ნამდვილად რთულია თავის შეკავება, რადგან არჩევანი დიდია: აბრეშუმის თავშალი საავტორო პრინტით, ხელნაკეთი ხალიჩები, თიხის ჭურჭელი, ორიგინალური ვერცხლის სამკაულები, თანამედროვე დიზაინერების მოდური ტანსაცმელი და ა.შ.
ქოჩარის მუზეუმი
ერვანდ ქოჩარის მუზეუმში ინახება ჭრელი ტილოები, ცნობილი ქანდაკებების მოდელები და წიგნების ილუსტრაციების ესკიზები. ერვანდ ქოჩარი ცნობილი სომეხი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ევროპული ავანგარდული ხელოვნების ფორმირებაში. ის სივრცითი ფერწერის ფუძემდებელი და პიკასოს ახლო მეგობარი იყო.
Mirzoyan Library
ქალაქის ცენტრალური მოედნიდან 5 წუთის სავალზე, ძველ ეზოში Mirzoyan Library ფოტო-გალერეა მდებარეობს. ახალგაზრდებს უყვართ აქ საუზმობა. ყავასთან ერთად შეგიძლიათ საინტერესო ფოტო-წიგნების კოლექციას გადახედოთ და ყველაზე ცნობილი ადგილობრივი ფოტოგრაფების ნამუშევრები დაათვალიეროთ.
პარლამენტის პარკი
ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, ეროვნული კრების- სომხური პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის პარკი წლების განმავლობაში პირველად გაიხსნა. ახლა უკვე ახლოდან შეგიძლიათ ნახოთ სსრკ-ს დროს აშენებული სასახლე, რომელიც ბრიტანული გაზეთის The Independent-ის თანახმად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პარლამენტის შენობაა.
ფარაჯანოვის მუზეუმი
რაზდანის ხეობის პირას თბილისელებისათვის ცნობილი ადამიანის- სერგეი ფარაჯანოვის სახლია აშენებული. სერგეი ფარაჯანოვის მუზეუმში ისევე, როგორც ჯადოსნურ ყუთში, რეჟისორის ასობით კოლაჟი ინახება და ის ფარაჯანოვის თბილისის სახლის მსგავსად არის მორთული.
შეყვარებულების პარკი
ახლანდელი შეყვარებულების პარკი XVIII საუკუნის სასაფლაოსა და სამლოცველოს ადგილას მდებარეობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პარკს სახელი გადაარქვეს და პუშკინის პარკი დაარქვეს. 2008 წელს კი პარკი მთლიანად იყო რეკონსტრუირებული და ის ერევნელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახდა. თუმცა, გახსოვდეთ, რომ გაზონზე გადასვლა აკრძალულია!
აზნავურის მოედანი
მოედანი, აბოვიანისა და თუმანიანის ქუჩების გადაკვეთაზე, ცნობილი შანსონიეს, შარლ აზნავურის, სახელს ატარებს. ჯაზ და როკ-ჯგუფები აქ ხშირად კონცერტებს მართავენ, ბავშვები ჭადრაკს თამაშობენ, უფროსები კი მრავალრიცხოვანი კაფეების ღია ტერასებზე ყავას სვამენ, უზარმაზარი ობობას ქანდაკებასთან იღებენ სელფებს და დედაქალაქის უძველესი კინოთეატრის წინ ერევნის კინოვარსკვლავების ხეივანს ათვალიერებენ.
აბოვიანის ქუჩა
აბოვიანის ქუჩა- ერევნის ყველაზე ძველი ქუჩაა, სადაც მდიდარი მოქალაქეების XIX-XX საუკუნის ცალკე მდგომი სახლები არის შემონახული. ეს ქუჩა სუვენირების, მაღაზიების, კაფეებისა და რესტორნების სიმრავლით გამოირჩევა. სწორედ აქ, ერევანში ჩამოსვლისას, ყავას სვამს კიმ კარდაშიანი, ხოლო ჩაის-პრინც ჩარლზი.
კონიაკის ქარხანა
სომხური კონიაკის დაგემოვნებას გირჩევთ იქ, სადაც ის იბადება- ერევნის კონიაკის ქარხნის მარნებში. არარატის მუზეუმში თქვენ გაგაცნობენ ადგილობრივი კონიაკის დამზადების ისტორიას, ხოლო სალონში ადგილობრივ ფასად ყველაზე ცნობილი სომხური კონიაკის ყიდვას შეძლებთ.
ჩრდილოეთის პროსპექტი
ჩრდილოეთის პროსპექტი ფეხით მოსიარულეთა ზონაა, რომელიც აბოვიანის ქუჩას თეატრალურ მოედანთან აერთიანებს. აქ თქვენ ახალი ერევანი გელოდებათ – მაღლივი შენობებით, თანამედროვე არქიტექტურით, დასავლური კაფეებითა და ბრენდული მაღაზიებით, ქუჩის მუსიკოსებითა და მხატვრებით და პროსპექტის ქვეშ სავაჭრო გალერეით.
ქანდაკებების პარკი
კასკადი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია ღია ცის ქვეშ. აქ ბოტეროს ნამუშევრებთან და ლინ ჩედვიკის ფიგურებთან სურათის გადაღებას და ფლენაგანის კურდღლებისა და ნალების დათვლას შეძლებთ, რომლებისგანაც შექმნილია ტომ ჰილსის ცხენების სკულპტურა. ასევე გექნებათ საშუალება ჟაუმე პლენსის ქანდაკებებზე არსებული ტატუები გაშიფროთ და რობერტ ინდიანას სიყვარულის ინსტალაციასთან დაჩექინდეთ.
ვერნისაჟი
ერევნის ვერნისაჟზე ისიამოვნებთ ადგილობრივი მხატვრების ნახატებით. შეძლებთ ვედუტების, ეტიუდების, ნატურმორტებისა და სუვენირების, კერამიკისა და ვერცხლის ყიდვას. ასევე ტყავისგან და ადგილობრივი ობსიდიანის ქვისგან დამზადებული პროდუქციის ყიდვას, როგორიც არის, მაგალითად, ძველი ვერცხლის ქამრები, რომლებსაც სომეხი გოგოები ტრადიციულად კაბის ან მაისურის ზემოდან იცვამდნენ.